Nurse Skills Georgia — ახალი შესაძლებლობა კლინიკური აზროვნებისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის
კოლეჯ „არსისა“ და საექთნო საქმის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ჯაჭვაძის ინიციატივით, წარმოდგენილია ახალი საგანმანათლებლო პროექტი — Nurse Skills Georgia, რომელიც მიზნად ისახავს საექთნო საქმის სტუდენტებისა და ექთნებისთვის კლინიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშეწყობას.
Nurse Skills Georgia არის ონლაინ აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ კლინიკურ შემთხვევებს, გააანალიზონ სხვადასხვა სიტუაცია, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და მიიღონ განმარტებები პასუხების შესახებ.
სწავლა გამოცდილებით
აპლიკაცია ქმნის უსაფრთხო სასწავლო გარემოს, სადაც მომხმარებელს შეუძლია დაუფიქრებლად კი არა, გააზრებულად მიიღოს გადაწყვეტილებები, გააანალიზოს შეცდომები და უკეთ გაიგოს კლინიკური მსჯელობის საფუძვლები — პაციენტისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
ვისთვის არის განკუთვნილი?
Nurse Skills Georgia განკუთვნილია:
-
საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის;
-
პრაქტიკოსი ექთნებისთვის, რომლებსაც პროფესიული ცოდნის გაღრმავება სურთ;
-
ყველასთვის, ვისაც აინტერესებს კლინიკური შემთხვევების ანალიზი, ლოგიკური მსჯელობა და სამედიცინო სფერო.
პროექტი ხელს უწყობს სწავლის ინტერაქციული მიდგომების განვითარებას და ცოდნის პრაქტიკულ გააზრებას.
Nurse Skills Georgia — იფიქრე კლინიკურად, ისწავლე პრაქტიკით და განავითარე პროფესიული უნარები!
კოლეჯი „არსი“ მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განათლების განვითარებას, ინოვაციური სასწავლო მიდგომების დანერგვასა და სტუდენტების პროფესიულ ზრდას ემსახურება.